სიახლე
Date: 2021-02-15

კარიერის თვე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ საქართველოში

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს კარიერული სერვისების დეპარტამენტი 15 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით კარიერის თვეს აწყობს. დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობა, რომლებიც ორიენტირებულია სტუდენტებისთვის გასაუბრებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესებაზე და რაც მთავარია, მათ კომპანიებთან დაკავშირებაზე. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს კარიერული სერვისების დეპარტამენტის მიზანია უზრუნველყოს ყველა სტუდენტი იმ საჭირო რესურსით, რაც მათ დაეხმარებათ გახდნენ კონკურენტული კანდიდატები და შემდგომში დასაქმებულები.

კარიერის თვის განმავლობაში დაგეგმილ აქტივობებს შორის, კარიერული სერვისების დეპარტამენტი ჩაატარებს სამუშაო შეხვედრებს თემებზე: როგორ შევქმნათ ეფექტური რეზიუმე, როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი, როგორ ვმართოთ პროფესიული სოციალური მედიის საშუალებები, მაგალითად LinkedIn, როგორ წარვმართოთ გასაუბრება, და დასაქმებისთვის საჭირო სხვა მნიშნველოვანი საკითხები.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო თანამშრომლობს ინდუსტრიის ლიდერ კომპანიებთან კომპიუტერულ, სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერიის, ქიმიისა და კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში, რათა ჩვენს სტუდენტებსა და კურსდამათავრებულებს მივცეთ დასაქმების შესაძლებელობა. „ინდუსტრიასთან შეხვედრების“ სერიის ფარგლებში სტუდენტებსა და ინდუსტრიის წარმომადგნელებს მიეცემათ შესაძლებლობა განიხილონ ორგანიზაციული კულტურა, დასვან კითხვები და დაინტერესების შემთხვევაში დაგეგმონ სამომავლო ინდივიდუალური შეხვედრები.

იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც დაინტერსებულნი არიან განაგრძონ სწავლა შემდეგ საფეხურზე გაიმართება სეისები უნივერსიტეტის არჩევასა და სააპლიკაციო პროცესის წარმართვაზე.

თვალი ადევნეთ და შემოუერთდით კარიერის თვეში დაგეგმილ აქტივობებს!