სიახლე
Date: 2022-10-12

სდსუ საქართველო ერთობლივ დასაქმების ფორუმს გამართავს

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო იწვევს კერძო და საჯარო ორგანიზაციებს პირველ ერთობლივ დასაქმების ფორუმზე პარტნიორი უნივერსიტეტების: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით. ღონისძიების მიზანია ერთმანეთს დააკავშიროს დამსაქმებლები და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და პარტნიორი უნივერსიტეტების საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამების წარმატებული სტუდენტები, დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობისათვის.

რატომ ABET აკრედიტებული პროგრამების სტუდენტები?

ABET აკრედიტაცია არის განათლების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი ინჟინერიასა და ტექნოლოგიაში. ABET აკრედიტაცია მიენიჭება საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც აკმაყოფილებს გლობალურ პრაქტიკებს და ხარისხის სტანდარტებს იმ პროფესიაში, რომლისთვისაც პროგრამა ამზადებს სტუდენტებს.

ABET აკრედიტებული პროგრამის კურსდამთავრებულებს აქვთ მყარი საგანმანათლებლო საფუძველი და ისინი წარმატებულად მოღვაწეობენ გამოყენებითი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, გამოთვლითი, ინჟინერიის და საინჟინრო ტექნოლოგიების სფეროებში. ABET აკრედიტებული პროგრამების კურსდამთავრებულებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობაა საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობა.

ერთობლივ დასაქმების ფორუმზე მონაწილე სტუდენტები ABET პროგრამების და უნივერსიტეტების მიხედვით:

  • ელექტრული ინჟინერიასდსუ საქართველო, თსუ, ილიაუნი, სტუ
  • კომპიუტერული ინჟინერია - სდსუ საქართველო, თსუ, ილიაუნი, სტუ
  • კომპიუტერული მეცნიერება - თსუ, ილიაუნი, სტუ
  • სამოქალაქო ინჟინერიასდსუ საქართველო, ილიაუნი, სტუ
  • ქიმია/ბიოქიმია სდსუ საქართველო, თსუ, სტუ (ბიოსამედიცინო ინჟინერია)

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სტუდენტები

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში ჰყავს უნიკალური უნარებისა და გამოცდილების მქონდე სტუდენტები. ჩვენს სტუდენტებს შორის არიან:

  • ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალქულიანი სტუდენტები;
  • ახალგაზრდა გამომგონებლები და ინოვატორები, რომლებიც უკვე ახორციელებენ არაერთ ინოვაციურ საავტორო პროექტს;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიური ოლიმპიადების გამარჯვებულები;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე მცოდნე ახალგაზრდები (სწავლება უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზეა);
  • უნივერსიტეტის ზოგადი განათლების კომპონენტი სტუდენტებს უვითარებს უნარებს, რომელიც აუცილებელია თანამედროვე შრომის ბაზარზე წარმატებისთვის.

ფორუმზე რეგისტრაცია

გამოფენაზე რეგისტრაცია უფასოა. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 20 ოქტომბერი.

დაინტერესებულ ორგანიზაციებს ვთხოვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/zKs1Bk2FPw76C4Uq8  

დასაქმების გამოფენაზე რეგისტრირებული ყველა კომპანიისთვის უზრუნველყოფილი იქნება: 

  • ადგილი გამოფენაზე: მაგიდა, ორი სკამი და კომპანიის ბანერის/შტენდერის ადგილი
  • კომპანიის შესახებ ინფორმაცია განთავსდება გამოფენის კატალოგში და გავრცელდება სტუდენტებს შორის

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით სან დიეგო სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს კორპორატიული ურთიერთობების მენეჯერს, ანა შახნაზაროვას: [email protected]