სიახლე
Date: 2023-07-25
სდსუ-მ პარტნიორი უნივერსიტეტების მონაწილეობით დასაქმების მეორე ერთობლივი გამოფენა გამართა

27 აპრილს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში რიგით მეორე ერთობლივი დასაქმების ფორუმი გამართა, პარტნიორი უნივერსიტეტების: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობით. ღონისძიების მიზანია ერთმანეთს დააკავშიროს დამსაქმებლები და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და პარტნიორი უნივერსიტეტების საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამების წარმატებული სტუდენტები, დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობებისათვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დოქტორი გიორგი ამილახვარი, სამი პარტნიორი უნივერსიტეტის რექტორი, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე, საერთაშორისო ABET აკრედიტაციის ექსპერტი, ჯო თერნერი და სხვა საპატიო სტუმრები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 40-ზე მეტმა კომპანიამ და 100-ზე მეტმა სტუდენტმა.
2 ივნისს, მეხუთე, ყოველწლიური ქეფსთოუნ (სადიპლომო) პროექტების გამოფენაც პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად გაიმართა. წელს, სდსუ საქართველოს კურსდამთავრებულების გარდა, გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს პარტნიორი უნივერისიტეტების საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე და კანდიდატი პროგრამების სტუდენტებმაც. გამოფენას დაესწრენენ და პროექტები დაათვალიერეს სდსუ საქართველოს პარტნიორებმა და სდსუ-ს აკადემიურმა დელეგაციამ, პრეზიდენტ ადელა დე ლა ტორეს მონაწილეობით.