სიახლე
Date: 2022-10-31

#StudentSuccess - ანა ცირეკიძე

მეცნიერებისადმი ჩემი სიყვარული ადრეული ბავშვობიდან მოდის. თავიდან ძალიან მაინტერესებდა პლანეტები, კოსმოსი და მთელი სამყარო – ყველაზე რთულად ასახსნელი საგნები. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შემიყვარდა ქიმია და ბიოლოგია, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი კარიერა სამედიცინო სფეროსთვის მიმეძღვნა. თუმცა, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ექიმი განსაკუთრებული თავდადებისა და მოტივაციის მქონე ადამიანი უნდა იყოს, მივხვდი, რომ ამ სფეროში საკუთარ თავს ვერ ვხედავდი. სწორედ მაშინ გაჩნდა კავშირი ჩემს მისწრაფებებსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმია/ბიოქიმიის პროგრამას შორის. ამჟამად, სდსუ საქართველოში ვსწავლობ ქიმიის პროგრამაზე, სრული დაფინანსებით.

როდესაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ საქართველოში ჩავაბარე, დავიბენი, არ ვიცოდი როგორ უნდა მესწავლა ინგლისურ ენაზე ისეთი საგნები როგორიცაა ქიმია, ბიოქიმია, ანალიტიკური ქიმია, ფიზიკური ქიმია და ორგანული/არაორგანული ქიმია. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია წარსულისკენ გავიხედო და ვთქვა რომ ვცდებოდი. დღეს, საკუთარი თავი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სტუდენტად მიმაჩნია.

პანდემიის გამო, ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა, სრულად შეგვეგრძნო ის „სტუდენტური წლები“, რომელთა შესახებაც ამდენს გვიყვებოდნენ მშობლები და ბებია-ბაბუები. მიუხედავად ამისა, მე მაინც მომეცა შესაძლებლობა გაცვლითი პროგრამით, ერთი სემესტრი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსტიტეტის მთავარ კამპუსზე მესწავლა. სწავლასთან ერთად, ლაბორატორიაში ასისტენტად დავიწყე მუშაობა. მიუხედადავ იმისა, რომ ჩემი სტუდენტობა ვირტუალურად, Zoom პლატფორმის საშუალებით, ვირტუალურ რეჟიმში გავატარე, მქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო სტუდენტურ აქტივობებში.  უკვე ორი წელია, რაც სდსუ საქართველოს სტუდენტური ელჩი ვარ. მონაწილეობას ვღებულობ გამოსაშვებ საღამოებში როგორც საქართველოში, ასევე კალიფორნიაში. გარდა ამისა, ვარ ქიმიკოსთა საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციის - ამერიკელ ქიმიკოსთა ასოციაციის სტუდენტური წარმომადგენლობის წევრი. ამასთანავე შემარჩიეს და ამჟამად ვმუშაობ ასოცირებულ სტუდენტთა დირექტორთა საბჭოში (ASBOD), როგორც დეკანის ოფისის წარმომადგენელი, რაც ჩემთვის დიდი პატივია.

მეორე კურსზე, მუშაობა დავიწყე ავერსის კლინიკაში რადიოლოგის ასისტენტად. შემდეგ კი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. აღნიშნული გამოცდილება ძალიან დამეხმარა მიმეღო პრაქტიკული ცოდნა და გამეუმჯობესებინა ლაბორატირული ტექნიკის გამოყენების უნარები.

ჩემი სადიპლომო პროექტისთვის, ვმუშაობ ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის აპარატთან. ძირითადად, აღნიშნულ აპარატს ვიყენებთ, რათა ვიპოვოთ ნაერთის სტრუქტურა ან დავინახოთ რამდენად სუფთაა იგი. ჩვენი პროექტი მულტიდისციპლინურია კვლევის მეთოდებისა და მიღებული შედეგების გამოყენების თვალსაზრისით. კერძოდ, პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის საჭიროა ნივთიერებების გამოყოფის მეთოდები (კაპილარული ელექტროფორეზი და მაღალი ხარისხის თხევადი ქრომატოგრაფია), სპექტროსკოპიული მეთოდები (ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული სპექტროსკოპია, მას-სპექტრომეტრია). ამ პროექტის ფარგლებში მიღებული ფუნდამენტური შედეგები გაამდიდრებს სუპრამოლეკულურ და ფიზიკურ-ორგანულ ქიმიას ახალი ცოდნით არაკოვალენტური ინტერმოლეკულური ურთიერთქმედების მექანიზმების შესახებ. გარდა ამისა, ჩვენს პროექტში შემუშავებული მეთოდების გამოყენების ძირითადი მიმართულებები იქნება ფარმაცევტული ანალიზი, ზოგადად ფარმაცევტული მეცნიერებები და ჯანდაცვა.

რაც შეეხება მომავალს, სხვების მსგავსავ, ვინც მეცნიერებაშია, მინდა ბევრ წარმატებას მივაღწიო და დავტოვო ჩემი კვალი საზოგადოებაზე. სწავლის დასრულების შემდეგ, ვგევმავ საკუთარ თავზე ვიმუშაო, ვიპოვო კარგი პოზიცია ლაბორატორიაში, ვინაიდან დაინტერესებული ვარ კლინიკურ კველვებში და ბევრი ვიმუშაო. ამიტომ, ვფიქრობ მომდევნო წელი სამუშაოს მივუძღვნა და შემდეგ უკვე სწავლა განვაგრძო ევროპის რომელიმე წამყვან უნივერსიტეტში.

დღეს მსოფლიო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, იქნება ეს გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება, მრავალფეროვნება, ეკონომიკური პრობლემები თუ სხვა. ვფიქრობ, ჯანდაცვა კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი პრობლემაა. მრავალი მეცნიერი და უამრავი გამოკვლევა ცდილობს დაამარცხოს ერთ-ერთი ურთულესი და საშინელი დაავადება - სიმსივნე. მინდა ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს. მე მჯერა, რომ ყველას შეუძლია წარმატებას მიაღწიოს მანამ, სანამ არ დანებდება. მე ვიცი რომ დანებებას არ ვაპირებ.