სიახლე
Date: 2022-11-01

#StudentSuccess - გიორგი ნარეშელაშვილი

მე ვარ გიორგი ნარეშელაშვილი, სან დიეგოს სახელწმიფო უნივერსიტეტი საქართველოს სამოქალაქო ინჟინერიის მეოთხე კურსის სტუდენტი. მიზეზი, თუ რატომ ავირჩიე STEM მიმართულება, უნდა ვეძიო საშუალო სკოლის ადრეულ წლებში, როდესაც მომწონდა ტექნიკური საგნები, განსაკუთრებით კი, ფიზიკა. უფრო მეტიც, ყოველთვის გატაცებული ვიყავი ინჟინერიით და მაინტერესებდა როგორ შენდებოდა ის ყველაფერი, რასაც ჩვენს გარშემო ვხედავთ: შენობები, ხიდები, გზები. ამ კითხვებზე პასუხების ძიებამ მიმიყვანა სამოქალაქო ინჟინერიასთან.

გახლავართ ამერიკის სამოქალაქო ინჟინერთა ასოციაციის წევრი, და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის სამოქალაქო ინჟინერთა ასოციაციის სტუდენტური წარმომადგენლობის პრეზიდენტი. მსგავსი ორგანიზაციის წევრობა საშუალებას გაძლევს გაიზარდო როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად. ნაყოფიერია გამოცდილების და ცოდნის ურთიერთგაზიარება, განსაკუთრებით მათთან ვინც სხვა ქვეყნის და კულტურის წარმომადგენელია. ეს კიდევ უფრო აშკარა გახდა, მას შემდეგ რაც მონაწილეობა მივიღე გაცვლით პროგრამაში და სდსუ-ს მთავარ კამპუსზე გავემგზავრე სასწავლებლად.

რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ვცდილობ დრო და რესურსები სწორად გავანაწილო, რათა ჩემი განათლება პროფესიული წინსვლისთვის გამოვიყენო. ამჟამად, ვარ უმცროსი სტრუქტურული ინჟინერი კომპანიაში Cubicon, სადაც მაქსიმალურად ვცდილობ სწავლა და სამუშაო ერთმანეთს შევუთავსო. ყველაზე მეტად ჩემს პროფესიაში მიტაცებს გააზრება იმისა, რომ შეიძლება შევქმნა ისეთი რამ, რასაც საზოგადოება გამოიყენებს ათწლეულების მანძილზე. ჩემთვის ეს ყველაზე მეტად ამაღელვებელი და საპასუხისმგებლოა.

სამწუხაროდ, მეოცე საუკუნის პოლიტიკამ საქართველოს ინჟინერიაზეც დიდი ზეგავლენა მოახდინა. მომავალში, მინდა ინჟინერია იმ საწყის დავუბრუნო, სადაც ის ყოფნას იმსახურებს. ეს მხოლოდ დიდი შრომით და სწორი აზროვნებით არის შესაძლებელი. იმედია, ჩემი თაობის ინჟინრები დაინახავენ ჩვენს საინჟინრო კულტურას დასავლურ პრაქტიკასთან ახლოს. ასევე მინდა წვლილი შევიტანო მდგრად განვითარებაში მსოფლიო მასშტაბით და შევიმუშავო მიმდინარე გამოწვევების ეკოლოგიურად სუფთა საინჟინრო გადაწყვეტილებები. მწვანე მშენებლობა შესაძლოა იყოს ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც ნაწილობრივ მაინც ითვალისწინებს ჩვენი პლანეტის საჭიროებებს.